ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა თბილისში, პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება. მისი თქმით, ღონისძიების ჩაშლით მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაირღვა.
"შოკისმომგვრელი სურათები Tbilisi Pride-დან. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა", - წერს Twitter-ზე ჩეხეთის ელჩი საქართველოში.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.