მღებრიშვილი: გადაწყდა, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება

მღებრიშვილი: გადაწყდა, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, მომწოდებელ კომპანიასთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ სამაშველო ვერტმფრენს ქვეყანა მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება.

გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება", - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

****

ოცნება ჯერ კიდევ 2013 წელს აკრიტიკებდა წინა მთავრობას "არა სამხედრო დანიშნულების, არამედ სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენის შესყიდვის" გამო და აცხადებდა, რომ "გადაწყვეტილი ჰქონდათ 2 SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენის გასხვისება".

2017 წლის 8 აგვისტოს მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ლიკვიდაცია ხმელეთიდან მოხდა.

ამ პერიოდში კვლავ განახლდა საუბარი სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობისა და Super Puma-ს თვითმფრინავების გადაკეთების ან სამაშველო ვერტმფრენებში გადაცვლის შესახებ.

შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ავიაციის პილოტმა იოსებ არჯევანიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შსს გეგმავდა Super Puma ტიპის თვითმფრინავების გადაკეთებას და შესაბამისი ხელშეკრულება ევრო კოპტერთან დადეს. შსს ასევე აცხადებდა, რომ კომპანია ეარ ბასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ ერთ-ერთი Super Puma სამ სამაშველო ტიპის ვერტმფრენზე გადაეცვალათ.

2022 წლის 29 აგვისტოს კი გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ეკიპაჟის 8 წევრის დაღუპვის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ ისაუბრა დამატებითი სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობაზე.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოცნება წინა მთავრობის მიერ ნაყიდ "სუპერ პუმას" ვერტმფრენს გაყიდის და ამ თანხით 3 ახალ ვერტმფრენს შეიძენს.

პრემიერის განცხადებით, ამის თაობაზე გომელაურის უწყება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლებშიც ფინანსთა სამინისტროც იღებს მონაწილეობას.

2023 წლის 4 აგვისტოს, რაჭაში მომხდარი სტიქიის მეორე დღეს თქვა, რომ სიცრუეა, რომ ხელისუფლებამ 1 წლის წინ ვერტმფრენების შეძენა გადაწყვიტა და არ შეიძინა.