მეზვრიშვილი: ხვალ, 12:00-ზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან გაყალბების მტკიცებულებებით

მეზვრიშვილი: ხვალ, 12:00-ზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან გაყალბების მტკიცებულებებით

პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხვალ, 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"ხვალ 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით", - წერს ის.

4 ნოემბერს ნათია მეზვრიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.

საქმე ეხება პროკურატურის გამოძიებას, რომელიც ცესკოს მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით" დაიწყო.

29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას "უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ".

განცხადებაში ცესკომ მიმართა პროკურატურას, "გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები", დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.

ცესკოს მიმართვიდან მეორე დღესვე, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და გამოძიება დაიწყო. უწყებაში ასევე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს.