ცესკო პროკურატურას არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებზე გამოძიებას სთხოვს

ცესკო პროკურატურას არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებზე გამოძიებას სთხოვს

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას "უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ".

განცხადებაში ცესკო მიმართავს პროკურატურას, "გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები", დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკოს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების "სავარაუდო გაყალბების" ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო.

იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

***

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება - 53.92%
  • კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 006 ხმა);
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.16% (210 895 ხმა);
  • ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 891 ხმა)
  • გახარია საქართველოსთვის -7.77% (161 250 ხმა)

ცესკოს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

  • ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები
  • მრავალჯერადი ხმის მიცემა, ე.წ. კარუსელი
  • მარკირების პროცედურის დარღვევა
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
  • დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ უბნიდან გაძევება
  • 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემა
  • ამომრჩევლის დაშინება/მოსყიდვა
  • მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება
  • უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვა

ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზეც, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის პირადობების გამორთმევით ქართულმა ოცნებამ მონაცემების გაციფრულება და აპარატებში დუბლირებით ჩამატება მოახერხა.

26 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები და ყველა მათგანი საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

მათ შორის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.

ევროპული საბჭოს კომისიამ მოუწოდა ცესკოს, გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები.

ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთა ეუთო/ოდირმაც. მათი შეფასებით, არჩევნების დღეს იყო დარღვევები, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, ასევე იყო პროცედურული შეუთავსებლობები.

სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო და ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები.

ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ქართულმა ოცნებამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს შედეგებით კმაყოფილნი არიან რუსეთშიც. ოცნებას გამარჯვება მხოლოდ უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ჩინეთის ლიდერებმა მიულოცეს.