
Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომლის მიხედვითაც უკრაინას ვაშინგტონისგან შეძენილი შეიარაღება გადაეცემა. ამის შესახებ გამოცემა თეთრ სახლთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, მათივე ცნობით, თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ, დაამტკიცა ორი $500 მილიონიანი გადაზიდვა ახალი მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც "უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია" (Prioritized Ukraine Requirements List) ეწოდება.
"ეს არის ის ნივთები, რასაც ისინი ითხოვდნენ. ბევრი რამ. ეს ნაკადია, რომელმაც მათ აქამდე ხაზების სტაბილიზაციის საშუალება მისცა", - განუცხადა წყარომ გამოცემას.
უკრაინის დახმარების ეს ახალი მექანიზმი კიევისთვის, საერთო ჯამში, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას ისახავს მიზნად.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გამოიყენეს ახალი მექანიზმი, რომელიც შემუშავებულია აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ. კერძოდ, ამ გზით, უკრაინას იარაღი აშშ-ის მარაგებიდან NATO-ს ქვეყნების სახსრების გამოყენებით მიეწოდება.