თბილისის მერია ვაშლიჯვარში ნაპრალების გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ვაშლიჯვარში, სადაც მიწა გასკდა, გამსკდარი მიწის ადგილას 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა.
მერია ადასტურებს, რომ ტერიტორიაზე სამუშაოებს "გელოვანი დეველოპმენტი" აწარმოებდა და დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, "ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია".
მერიის ცნობით, შესწავლა დაიწყო მუნიციპალურმა ინსპექციამ.
"ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები. დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება.
კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით. კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში"- აცხადებენ მერიაში.
ამასთან, მერიის განცხადებაში საუბარია ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზეც.
"აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი.
ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც. მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით.
ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა"- ნათქვამია განცხადებაში.