მედიაკოალიცია: ვგმობთ საზმაუს გადაწყვეტილებას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წამყვანობის შეჩერებაზე

მედიაკოალიცია: ვგმობთ საზმაუს გადაწყვეტილებას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წამყვანობის შეჩერებაზე

მედიაკოალიცია გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის დროებით შეჩერებას და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), გამოხატოს პოზიცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ ცენზურასა და პროპაგანდაში არაერთგზის მხილებული ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის ქმედებების შესახებ.

მედიაკოალიციის აზრით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის დროებით შეჩერებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

4 თებერვალს სოციალურ ქსელში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი დღეიდან 18 საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს. ტელეწამყვანი ავრცელებს პირველი არხის ოფიციალურ პოზიციას, რომლის მიხედვით, აღნიშნულის მიზეზია „მოამბის” პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარი. როგორც ტელეწამყვანი წერს, არხის ოფიციალური პოზიციით „არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება საინფორმაციო გამოშვება „მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულება.

საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ იგი ვერ ასრულებს საკანონმდებლო ვალდებულებებს, არასრულყოფილად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არის მიკერძოებული “ქართული ოცნების” მიმართ და ხელს არ უწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ყოველივე ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა აკისრიათ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეს და დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს.

აღნიშნული პირები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი მაუწყებლის სხვა თანამშრომლები და სამეურვეო საბჭოს წევრები მიზანმიმართულად ცდილობენ საეთერო სივრცეში ობიექტური ხმების გაჩუმებას და “ბიძინა ივანიშვილისა” და “ქართული ოცნების” პროპაგანდის გავრცელებას. ბოლო დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ცენზურისა და ხელმძღვანელობის მხრიდან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არაერთი შემთხვევა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და ყველა მის კოლეგას, რომლებიც იბრძვიან მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკისათვის.

ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) გამოხატოს პოზიცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ ცენზურასა და პროპაგანდაში არაერთგზის მხილებული ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის ქმედებების შესახებ.

ქართულმა საზოგადოებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან განხორციელებული კანონდარღვევებისა და ცენზურის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის პოზიცია დღემდე ვერ მოისმინა"- წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა თქვა, რომ 18:00 საათიანი მოამბის წამყვანი აღარ არის.

მისი თქმით, მენეჯმენტმა აცნობა, რომ 4 თებერვლიდან - "არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება საინფორმაციო გამოშვება მოამბეს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება".

მისივე თქმით, მენეჯმენტმა ამის მიზეზად დღევანდელ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მოამბის პროდიუსერების განცხადება დაასახელა, რომლებმაც დღეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.

30 იანვარს მოამბის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენა ვასილ მაღლაფერიძეს აქვს.