ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე აზიმუტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ფრენების აღდგენა "მარტო იმისთვის შეიძლება ღირდა, რომ რუსულ კომპანიებს ჩაესწორებინათ" ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
"მარტო იმისთვის ღირდა ამ ფრენების აღდგენა და დათანხმება, დავარქვათ თუნდაც დათანხმება, სპეციალურად ვუტრირებ, რომ რუსულ კომპანიებს ჩაეედითებინათ, ანუ ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად და ცალკე რეგიონად აღარ მოეხსენიებინათ, მარტო ამისთვის ღირდა. და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პრაგმატული პოლიტიკა არის ამ ქვეყნის და მისი გაერთიანების მომავალი, სწორედ ასეთ რაღაცებსაც ვგულისხმობთ."- განაცხადა მდინარაძემ.
რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" საქართველოში ფრენებს 17 მაისიდან განახორციელებს. კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული.
რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელმაც საქართველოდან ნებართვა მიიღო და 17 მაისიდან ფრენებს შეძლებს, უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.
სანქცირებულთა სიაში ასევე კომპანიის სამივე დამფუძნებელი მოხვდა - ვიტალი ვანცევი, პაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.