მასწავლებლები ნინო დათაშვილის პატიმრობის ფორმის შეცვლას ითხოვენ

მასწავლებლები ნინო დათაშვილის პატიმრობის ფორმის შეცვლას ითხოვენ

მასწავლებლები ნინო დათაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ისინი აქტივისტს სოლიდარობას უცხადებენ და მისი პატიმრობის ფორმის შეცვლას ითხოვენ.

ისინი აღნიშნავენ, რომ 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა დათაშვილის მიმართ უიხეშეს და "გაათრიეს" შენობიდან, რაც არამარტო მისი, არამედ კიდევ არაერთი მოქალაქის შემთხვევებშიც დაფიქსირდა.

"20 ივნისს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა, ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევით, ძალადობრივი ფორმით დააკავეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი. ნინოს დაკავება მოჰყვა 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს. მას ედავებიან საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სინამდვილეში, ნინო არავის დასხმია თავს. ის სასამართლოში უკანონო პატიმრების მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად იყო მისული. მას არ მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასამართლოს მანდატურებმა ფიზიკური ძალის უხეში გამოყენებით, უკიდურესად დამამცირებლად და შეურაცხმყოფლად იმოქმედეს მის წინააღმდეგ - სცემეს და პირდაპირი მნიშვნელობით გაათრიეს სასამართლოს შენობიდან. ნინომ თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი, რაც იყო სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური მოქმედება ამ სიტუაციაში. მანდატურების მხრიდან მსგავსი ძალადობა გამოვლინდა არა მხოლოდ ნინო დათაშვილის, არამედ ბევრი სხვა მოქალაქის მიმართაც, რის შედეგადაც არაერთმა მათგანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებაც მიიღო", - წერია განცხადებაში.

განცხადებებზე ხელმომწერი მასწავლებლები ხაზს უსვამენ, რომ ნინო დათაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, სრულიად გაუგებარია და ამისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"ნინოს მიმართ სისხლის სამართლის ამ აბსურდული ბრალდების წარდგენის პირობებშიც კი, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია წინასწარი პატიმრობის გამოყენება. არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი ამისთვის არ არსებობს. ეს დადასტურდა კიდეც 21 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე, როცა პროკურორებმა ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ წარმოადგინეს და პატიმრობის მოთხოვნისას მხოლოდ ზოგადი, ჰიპოთეტური მოსაზრებებით შემოიფარგლნენ.

ნინო დათაშვილი არის ფილოლოგი, თეოლოგი, და ქართულისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. ის არის გამორჩეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება, და ყოველთვის მზად არის საზოგადოებისთვის სასარგებლო და საჭირო აქტივობებში ჩაერთოს. მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, ნინო კანონმორჩილებით და საზოგადო სიკეთეზე ზრუნვით ცდილობს სხვებისთვის მაგალითის მიცემას. ნინო მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, ის ამჟამადაც სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც ამჟამად აბიტურიენტია და მისთვის, როგორც დედისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს პერიოდი შვილის გვერდით გაატაროს", - ნათქვამია მასწავლებლების ერთობლივ განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, განცხადების მიხედვით, მასწავლებლების მთავარი მოთხოვნაა, რომ დათაშვილს შეეცვალოს პატიმრობა, სხვა უფრო მსუბუქი ფორმით. ამის შემდეგ კი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნინო დათაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი მასწავლებლები მოვითხოვთ, ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს, შეეცვალოს მის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა - პატიმრობა, სხვა უფრო მსუბუქი ფორმით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, ჯეროვნად შეასრულოს მშობლისა და მასწავლებლის მოვალეობები. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნება ნინოს პოლიტიკურ დევნად, რადგან არსებულ ვითარებაში პატიმრობის გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შემდგომში კი მოხდეს ამ ინციდენტის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, რის საფუძველზეც აღიძრა ეს აბსურდული სისხლის სამართლის საქმე. უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ნინოს!", - წერია განცხადებაში.

***

ნინო დათაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნინო დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გაყავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.

ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

ის 20 ივნისს დააკავეს.