მარიტა მეფარიშვილის საქმეზე ბრალდებულს ბრალდება კიდევ ერთ საქმეზე წარედგინა

მარიტა მეფარიშვილის საქმეზე ბრალდებულს ბრალდება კიდევ ერთ საქმეზე წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალდება სხვა საქმეზეც წარუდგინა.

უწყების ცნობით, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" ექსპერტს ვ.ლ.-ს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" ექსპერტმა კახეთში, სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოებისთვის ყალბი ინსპექტირების ანგარიში მოამზადა.

გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ინდ.მეწარმის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულებით, სოფელ კოჭბაანში სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა, ბრალდებულის მიერ მომზადებული ყალბი ინსპექტირების ანგარიშისა და შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით დადასტურდა.

ამასთან, იგივე ანგარიშის და აქტის თანახმად, ბრალდებულმა შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისა და ინსპექტირების ჩატარების გარეშე ყალბად მიუთითა, თითქოსდა სამუშაოებში გამოყენებული მასალები ტექნიკურ-საპროექტო დოკუმენტებს შეესაბამებოდა და საქართველოში მოქმედ ნორმებს და სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა შპს "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სახელით დამზადებულ ინსპექტირების ანგარიშში დირექტორის მონაცემების გასწვრივ თავად მოაწერა ხელი; ასევე გააყალბა ექსპერტ/ინსპექტორის და ტექნიკური მენეჯერის ხელმოწერები და ხელი მათი სახელითაც მოაწერა, მაშინ როდესაც შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" დირექტორს და თანამშრომლებს აღნიშნული ინსპექტირება არ ჩაუტარებიათ, ასევე, არც ინსპექტირების ანგარიში და შესრულებული სამუშაოს აქტი მოუმზადებიათ.

ვ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღება) წარედგინა"- ნათქვამია განცხადებაში.

***

12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

19 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.