
ამ საშიშ სამყაროში მაყურებლად დარჩენა სიგიჟეა, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმართვაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა ახალ ეპოქაში შედის, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ყველას ემუქრება,
"საერთო ჯამში, ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოება უფრო გაურკვეველი გახდა. უნდა ითქვას, რომ ახალი ეპოქის ზღურბლზე ვდგავართ.
რუსეთმა უკვე გლობალურ კონფლიქტად აქცია უკრაინაში მიმდინარე ომი. მან მობილიზებული ჰყავს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები და ირანული აღჭურვილობა ჩვენს კონტინენტზე, ხოლო ამავდროულად, ეხმარება ამ ქვეყნებს უფრო მეტი შეიარაღების მოპოვებაში.
პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად, მანიპულირებს არჩევნებზე რუმინეთსა და მოლდოვაში და კიბერთავდასხმებს აწყობს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა მათი ფუნქციონირება შეაჩეროს. რუსეთი ცდილობს, ჩვენს აზროვნებაზე ზემოქმედება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიცრუის მეშვეობით. და, საბოლოო ჯამში, ის ჩვენს საზღვრებს ცდის. იგი ამას აკეთებს ჰაერში, ზღვაზე, კოსმოსში და ჩვენს ეკრანებზე.
ვინ შეიძლება იფიქროს, ამ პირობებში, რომ რუსეთი უკრაინაზე შეჩერდება? რუსეთი საფრანგეთისა და ევროპის პირდაპირი საფრთხეა.
ამ საფრთხეებით სავსე მსოფლიოში მაყურებლის როლში დარჩენა სიგიჟე იქნებოდა. ახლა გადამწყვეტი დროა უკრაინისთვის, ფრანგებისა და ევროპელების უსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
მე მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით იდგება. მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება.
იმ რუსული საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც ახლახან აღვწერე, ევროპის ქვეყნებს საკუთარი თავდაცვის გაძლიერება და ნებისმიერი აგრესიის შეკავების უნარი უნდა ჰქონდეთ... ჩვენ უკეთ უნდა აღვიჭურვოთ, გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის დონე და ეს – მშვიდობისთვის, რათა შევძლოთ შეკავება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც ერთგულნი ვართ ნატოსი და შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ – გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
ევროპის მომავალს არც ვაშინგტონში და არც მოსკოვში უნდა წყვეტდნენ. დიახ, საფრთხე ისევ აღმოსავლეთიდან მოდის და იმ უკანასკნელი 30 წლის სიმშვიდე, რაც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გვქონდა, დასრულდა.
მოვითხოვე, რომ მთავრობა სრულად მობილიზებულიყო, რათა, ერთი მხრივ, რაც შეიძლება სწრაფად გაეძლიერებინა ჩვენი ჯარები და, მეორე მხრივ, აეჩქარებინა რეინდუსტრიალიზაცია ყველა ჩვენს რეგიონში. უახლოეს დღეებში შევხვდები შესაბამის მინისტრებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
გვექნება ახალი ბიუჯეტური გადაწყვეტილებები და დამატებითი ინვესტიციები, რომლებიც ახლა უკვე აუცილებელია. მთავრობისგან ვითხოვე, ამაზე რაც შეიძლება სწრაფად იმუშაოს. ეს იქნება ახალი ინვესტიციები, რომლებიც საჭიროებს მობილიზაციას – კერძო და საჯარო დაფინანსების მოზიდვას, თუმცა გადასახადების ზრდის გარეშე. ამისთვის საჭიროა რეფორმები, სწორი არჩევანი და გამბედაობა.
გერმანიის მომავალი კანცლერის ისტორიულ მოწოდებაზე საპასუხოდ, გადავწყვიტე, გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების შესახებ, რაც უკავშირდება ჩვენს (ბირთვულ) შეკავების პოლიტიკას. რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის – შეიარაღებული ძალების მეთაურის ხელში.
„(აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების შესახებ) ეს გადაწყვეტილება, რომელიც გაუგებარია როგორც ამერიკული ეკონომიკისთვის, ისე ჩვენთვის, შედეგებს გამოიწვევს. ის ამ მომენტს კიდევ უფრო ართულებს, მაგრამ ამას პასუხი ექნება. ამიტომ, ჩვენი ევროპელი პარტნიორებთან ერთად ვემზადებით საპასუხო ქმედებებისთვის, თუმცა ამავდროულად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავარწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ ყველას დაგვაზარალებს. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დავარწმუნოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
ხვალინდელი გადაწყვეტილებები ვერ იქნება გუშინდელი ჩვევები.
ევროპას აქვს ეკონომიკური ძალა, შესაძლებლობები და ნიჭი, რათა ამ ეპოქის გამოწვევებს გაუმკლავდეს და შეადაროს თავი აშშ-ს, და მით უმეტეს რუსეთს. ჩვენ გვაქვს საჭირო რესურსები. ამიტომ, უნდა ვიმოქმედოთ ევროპელებმა ერთად, ერთობითა და მოტივაციით, რათა დავიცვათ საკუთარი თავი.
ჩვენი თაობა მშვიდობის დივიდენდებს აღარ მიიღებს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენმა შვილებმა მიიღონ დივიდენდები ჩვენი დღევანდელი ვალდებულებებისგან", - განაცხადა მაკრონმა.