ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლომ დაადგინა, რომ კერძოდ, ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის. თუმცა მან მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა. გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), დასაბუთების არარსებობის გამო.
რაც შეეხება კონვენციის მე-13 მუხლს (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), სასამართლომ ვერ დაინახა საჭიროება, რომ აღნიშნულ მუხლზე საჩივარი მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთად განეხილა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.
"ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ველოდით და გვინდოდა, რომ მტკიცების ტვირთი სწორედ სახელმწიფოზე გადაეტანა და დაედგინა არსებით ნაწილში დარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ მოხდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ პრინციპში გვაძლევს ყველა იმ შესაძლებლობა, რომელსაც ველოდით., პირველ რიგში ეს არის ეროვნულ დონეზე საქმის ხელახლა გახსნისა და გამოძიების შესაძლებლობა", - განმარტა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, თამთა მიქელაძემ.
მიქელაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ მეორე მუხლის არსებითი ნაწილის არდარღვევის გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრებენ.
"ევროპული სასამართლო ყოველთვის ამბობს, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქმეს არსებითად სწავლობს ან მოიძიებს მტკიცებულებებს. ამ პირობებშიც, ისევ და ისევ გამოძიების ფუნდამენტურმა ხარვეზებმა სასამართლოს წაართვა შესაძლებლობა, იმ მაღალკ მტკიცების სტანდარტით, რომელიც მას აქვს მეორე მუხლის ქვეშ, არსებით დარღვევაზე ედავა", - განმარტავს მიქელაძე.
***
2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. ამას წინ უძღოდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, ახმედ ჩატაევმა კი თვითლიკვიდაცია მოახდინა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი, საკუთარ საძინებელში, თავის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს გონზე მოუსვლელად კლინიკაში გარდაიცვალა.
სუს-ის მტკიცებით, პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან, მათ შორის ახმედ ჩატაევთან. უწყება ირწმუნებოდა, რომ დაკავებისას მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რის გამოც სპეცრაზმელმა "პროპორციული ძალა" გამოიყენა და მას ესროლა.
მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვერსიას უარყოფდა და აცხადებდა, რომ თემირლანი უდანაშაულო იყო და მას მძინარეს ესროლეს. ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდა, რის გამოც მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რამდენიმე თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებს მართავდა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან კავშირში, სუს-ის თანამშრომლის მიერ, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება, თუმცა 2020 წლის 28 იანვარს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და განაცხადა, რომ "თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, რის გამოც, სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა".
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სიცოცხლის ხელყოფისა და "აშკარად არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე" განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. საქმის არსებითი განხილვა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალები შეისწავლა. მასალებიდან ირკვეოდა, რომ მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არსებობდა სერიოზული კითხვები. EMC-ს შეფასებით, გამოძიების ცალკეული გარემოებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს ბოლო წლებში უფლების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევაა და სუს-ის მხრიდან სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს უფლების დარღვევის აშკარა ნიშნებს ატარებს.