რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ოცნებიდან ფორმალურად წასული გურამ მაჭარაშვილი მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ "ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს".
გურამ მაჭარაშვილი ვრცელ პოსტში ოცნების რიტორიკას იმეორებს და ცდილობს, რუსული კანონის მიღება გაამართლოს.
გარდა ამისა, მაჭარაშვილი საერთაშორისო საზოგადოების, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების კრიტიკას კანონთან დაკავშირებით "ზღვარგადასულ წინააღმდეგობას" უწოდებს.
"უცხოელმა ჯაშუშებმა, პრაქტიკულად, საკუთარ თავს თვითგასამართლება მოუწყვეს და ამ თვითლუსტრაციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი გაგრძელება.
ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ. ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება.
სამწუხაროდ, დღეს ამ ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის განცდა და ამიტომ, თავისუფლად ჯაშუშობენ და სახელმწიფოს მოსვენებას არ აძლევენ. მათ სასამართლოში უნდა წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და როდესაც ამას ვერ შეძლებენ, ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ.
გარდა ამისა, მათ სასამართლოს წინაშე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ.
ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი იმსახურებს, ბოლოსდაბოლოს, იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც არ ასვენებს ამ ქვეყანას, ვინც ემსახურება არა საკუთარ სამშობლოს, არამედ უცხო ქვეყნის ამოცანებს, ვინც ცდილობს საქართველო გახვიოს არეულობაში და ომის უბედურებაში. სასამართლო პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდეს აღარავის გაუჩნდეს"- წერს მაჭარაშვილი.