ლაიენი: უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა შესაძლო მხარდაჭერას იმსახურებს

ლაიენი: უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა შესაძლო მხარდაჭერას იმსახურებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ-ის სენატმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უყაროს კენჭი კანონპროექტს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად.

"მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას. უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა შესაძლო მხარდაჭერას იმსახურებს.

ახლა ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად უყაროს კენჭი, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად", - წერს ლაიენი სოციალურ ქსელში.

გუშინ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს.