ხაზარაძე: მზად ვართ, სასამართლოს წინაშე გავარჩიოთ ნებისმიერი ბრალდება

ხაზარაძე: მზად ვართ, სასამართლოს წინაშე გავარჩიოთ ნებისმიერი ბრალდება

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მიუხედავად სასამართლოს მიკერძოებისა, ის და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, სასამართლოში გამოცხადდნენ და ნებისმიერი ბრალდება არგუმენტირებულად გაარჩიონ.

ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განმარტა, რატომ არ მივიდა არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

"ჩვენ მიმართ იყო დაწყებული 4 წლის განმავლობაში აბსურდული ბრალდება. ესაა ფულის გათეთრების ბრალდება, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის, მურუსიძის სასამართლო ატარებდა ამას და ის პროკურორები [ატარებდნენ], რომლებიც ენმ-ის დროსაც იყვნენ პროკურორები, ის მოსამართლეები, რომლებიც ენმ-ის დროსაც მოსამართლეები იყვნენ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი სასამართლოში სიარულზე, არ დაგვიტოვებია ქვეყანა და არც ახლა ვაპირებთ.

ამიტომ, ჩვენს არმისვლას ამ საცირკო სანახაობაში, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, აქვს ამ მხრივ სერიოზული არგუმენტი - ესაა ჩვენი პოლიტიკური ხედვა, ჩვენ პარლამენტს არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად და ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა მანდატები, არ ეთანამშრომლება ამ პარლამენტს და მას არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ, მისივე სასამართლოში ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს - მოგონილი, ტყუილი, მზად ვართ, არგუმენტირებულად სასამართლოს წინაშე გავარჩიოთ.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ უბრალოდ არ მოვდივართ და პასუხებს არ გავცემთ, ჩვენ ყველა ამ კითხვას, რომელიც არსებობს, გავცემთ პასუხს სასამართლოში იმიტომ, რომ მე პატივს ვცემ საზოგადოებას, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის განვლილ ცხოვრებას და არაფერი დასამადლებელი და თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია.

როგორც ნებისმიერ ადამიანს, შეცდომები ჩვენც დაგვიშვია, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, ეს არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, ეს არ ყოფილა არასდროს იმ ნარატივის, რომელსაც ინტენსიურად კულტივირებენ, რომ ჩვენი ბიზნესი თურმე ბიზნესების და ბინების წართმევა ყოფილა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ - ვერ ნახავთ ვერც ერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მერე მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ, ასეთი არ არსებობს ასეთი, ისევე როგორც ვინმეს ქონება. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ ამას უნდა დაესვას წერტილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო მზად ვართ, მისივე სასამართლოში ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს - მოგონილი, ტყუილი, მზად ვართ არგუმენტირებულად სასამართლოს წინაშე გავარჩიოთ"- თქვა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე დღეს სასამართლოშია დაბარებული. მის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ენმ-ის შემსწავლელმა კომისიამ მამუკა ხაზარაძე სხდომაზე დაიბარა, შემდეგ კი "გამოუცხადებლობის გამო" საქმე პროკურატურას გადასცა.