დღეს ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება შოვში, რომელიც იყო ტიპური რუსული მენტალობის, რუსული მმართველის და რუსეთის შს მინისტრის მსგავსი განცხადება. ეს იყო ცინიზმით სავსე, ეს იყო პრაქტიკულად მთელი ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა, ადამიანის, როგორც ასეთის უგულებელყოფა და ტყუილებით სავსე განცხადება.
ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის ეს საქართველოს მოსახლეობამ და თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული. ამიტომ, ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი! ამ საქმეს რაც შოვში მოხდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი ამ რუსული მენტალობის მატარებელი მმართველების ჩამოშორება ამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან
განაცხადა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ვიდეო მიმართვაში, რომელიც მან შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის კომენტარების შემდეგ გაავრცელა.
გომელაურმა დღეს თქვა, რომ შსს-ს აქვს ღამით ფრენის საშუალებები, თუმცა ვერტმფრენისთვის მთა-გორიან რელიეფზე ღამით ფრენა სარისკოა და მხოლოდ მაშინაა გონივრული ასე გარისკვა, თუ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.