საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, შოვში სტიქიის ღამით ვერტმფრენებით შესვლის საჭიროება არ იყო.
მისი თქმით, შსს-ს აქვს ღამით ფრენის საშუალებები, თუმცა ვერტმფრენისთვის მთა-გორიან რელიეფზე ღამით ფრენა სარისკოა და მხოლოდ მაშინაა გონივრული ასე გარისკვა, თუ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.
გომელაურმა განაცხადა, რომ ღამით ერთ-ერთ ფერდობზე დარჩენილი ადამიანები უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან ერთად იყვნენ და "არ იყო საჭირო რომ გაერისკათ პილოტებს. შეიძლება, ვერტმფრენები ჩამოვარდნილიყო."
მისი თქმით, "როცა [მოქალაქეები] უსაფრთხოდ არიან მთაზე სადღაც, სადაც არ შეიძლება მეწყერი მოხდეს ან მდინარე ადიდდეს ნუ რატომ უნდა გარისკოს ხომ [პილოტმა]?"
შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა გათენებისას იყო შესაძლებელი დარჩენილი მოსახლეობის გამოყვანა, ღამით ვერტმფრენით შესვლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი.
"რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამით, ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში ყველას კარგად ესმის. გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, მაგრამ არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ, და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება რამე რომ გარისკოს პილოტმა, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული, არ შეიძლება, რომ უბრალოდ, რომ შეიძლება დილით, 3 საათში გამოვიყვანოთ ადამიანები გავრისკოთ და ვერტმფრენი ან პილოტები დავღუპოთ" - განაცხადა შს მინისტრმა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 9 ადამიანი კვლავ იძებნება.