
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად რუსთაველზე მოქალაქეების პროტესტს "ძალიან სუსტს" უწოდებს და ფიქრობს, რომ ისინი "მხიარულად დაიშლებიან".
ის მოქალაქეების პროტესტს "პარტიულ აქციას" უწოდებს.
"თქვენ ხედავთ, როგორია რაოდენობა - ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება. ეს არის ჩემი ერთადერთი შეფასება. თავისუფლების მოედანზე ნახეთ რამდენი ადამიანია? - ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი ჩანს თვალით და ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა [ხალხი]. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, არის ჩვეულებრივი პარტიული აქცია, რომელიც დაანონსდა, გამომდინარე იმ მწირი მხარდაჭერიდან, რომლითაც სარგებლობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
***
თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა შეკრება 16:00 საათიდან დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადგილიდან თავისუფლების მოედნისკენ მარშებით გაემართნენ.
რუსთაველის გამზირის მიმდებარედ მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები. როგორც საკრებულოს შენობაში, ასევე პარლამენტში გდდ-ის წარმომადგენლები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები არ აღიარებენ ქართული ოცნების მთავრობას და მათ მიერ ჩანიშნულ არჩევნებს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოსთვის ისტორიული იქნება.