ხაბეიშვილი სამნიძე-დეკანოიძეზე: ნუ იქნებით პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდის მაშველი რგოლი

ხაბეიშვილი სამნიძე-დეკანოიძეზე: ნუ იქნებით პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდის მაშველი რგოლი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "რუსული პარტიის პროპაგანდა" საკვები არ უნდა მისცენ. მისი თქმით, მათ მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე მართებთ.

ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთადერთი, ვინც კანდიდატის სტატუსს საბოტაჟს უწყობს, ეს "რუსული ოცნება, კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი - ბორენკა" არიან.

"უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, 3-ჯერ შევხვდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ყოველ ჯერზე, შეხვედრაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიყავით, ვართ და ვიქნებით კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტები. იმავეს ადასტურებს ბატონი ელჩიც მისი განცხადებებში.

კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის რუსული ოცნება, კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი - ბორენკა.

მოვუწოდებ ყველას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს, შეფასებებს და მხოლოდ იმიტომ, რომ მედიაში გამოჩნდნენ, ამის გამო ივანიშვილისა და რუსული პარტიის პროპაგანდას, სიცრუის მანქანას საკვებს ნუ მისცემთ. მეტი პასუხისმგებლობა, გამჭრიახობა და სიფრთხილე გმართებთ. ნუ იქნებით მაშველი რგოლი პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდის.

არ მინდა ვიფიქრო, დავუშვა და დავიჯერო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან. ნება იბოძეთ, გამოდით და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი ოცნებაზე მიყიდვაში, მათ თამაშში დაგადანაშაულებთ", - წერს ის.

დღეს დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ. სამნიძის თქმით, ბრიუსელში გაუგებარია, რატომ არ ისმის ოპოზიციური ფლანგიდან ერთიანი გზავნილები.

ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ სტატუსის გადავადებას პარტნიორებისგან ენმ, ლელო, ვაშაძე და გვარამია ითხოვენ.

მოგვიანებით, განცხადებას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - მისი თქმით, არაერთი პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და არავინ გამოსულა კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ.