ოცნების საგარეო ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით ეუთოს სამდივნოს საპროტესტო ნოტით მიმართავს

ოცნების საგარეო ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით ეუთოს სამდივნოს საპროტესტო ნოტით მიმართავს

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეუთო-ს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.

ოცნების საგარეო ეუთოს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე მისვლას " ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციაში" შეერთებას უწოდებს და ვალტონენს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

ნოტაში ნათქვამია, რომ ვალტონენის ქმედება "შეიძლება ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად".

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა:

"საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ქ. ვენაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ეუთო-ს სამდივნოს მიმართ და აქვს პატივი, გამოხატოს საქართველოს მთავრობის შეშფოთება ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განხორციელებული პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომელიც მოიცავდა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საოკუპაციო ხაზზე ვიზიტს და შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელთან, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას, რომლებმაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად, გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი.

მინისტრი ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც არ ასახავს რეალობას, წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს.

აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან, რომელთა შორისაა - სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში, გაეროს A/RES/20/213 რეზოლუციაში, ეუთო-ს წესებსა და პროცედურებში და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას"- ნათქვამია ნოტაში.

ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ის 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა.

15 ოქტომბერს ოცნების მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ კობახიძემ საქართველოში მყოფ ვალტონენთან შეხვედრა "კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო" გააუქმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა.

დღეს შსს-მ ვალტონენი 5 000 ლარით დააჯარიმა.