რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ. სამნიძის თქმით, ბრიუსელში გაუგებარია, რატომ არ ისმის ოპოზიციური ფლანგიდან ერთიანი გზავნილები.
"ჩვენმა პარტნიორებმა მოგვმართეს რამდენიმე ადამიანს, რომ მათთვის გაუგებარია და რატომ არ არის ერთიანი გზავნილი, მაგალითად, ოპოზიციური ფლანგიდან, ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა ვისაუბროთ საჯაროდაც. არ ვსაუბრობ, რა არგუმენტებით საუბრობენ უცხოელ პარტნიორებთან ოპოზიციის ნაწილი რამდენიმე ოპოზიციური ფიგურა. როგორც ჩანს, ისინი საუბრობენ მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან, ეს არის პრობლემა, ჩემი აზრით. ჩემი საქმე არ არის სახელის და გვარების დასახელება, არც ესაა სწორი, რომ პარტნიორებმა დაასახელონ სახელები და გვარები.
შეხვედრები ხდება დახურულ კარს მიღმა და ყველა იცავს პირობას, რომ კონკრეტიკა არ გასაჯაროვდეს. ამიტომ, მე მოვუწოდებ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, შეწყვიტონ ასეთი ტიპის გზავნილები და საუბრები საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველანი ვიყოთ ერთიანი ერთ მთავარ გზავნილში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით, მაგრამ ახლავე, არავითარი გადავადება", - განაცხადა სამნიძემ.
ამაზე ისაუბრა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემაც. როგორც ის ამბობს პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს საკითხი, რომ ოპოზიცია სტატუსთან დაკავშირებით არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს.
"როცა ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს პარტნიორებთან და მათ მოგვმართეს, მე და ხათუნა სამნიძე ვიყავით ერთად, ამიტომ, მე შემიძლია, ეს დავადასტურო. მე არავითარი გვარების დასახელებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ არაერთგვაროვანი პოზიცია გასაგებია, მათ შორის, სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვა იდეოლოგიას წარმოვადგენთ, მაგრამ ერთნაირი გზავნილი კანდიდატის სტატუსისთვის, ეს იქნებოდა საქართველოსთვის გადამწყვეტი", - აღნიშნა მან.