ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ენმ, ლელო, გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია ითხოვენ.
"პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები, ესენი არიან ნაციონალური მოძრაობა, ვაშაძესთან ერთად, ეს არის ლელო და გვარამია. ეს ადამიანები, აი, კონკრეტული სახელებით და გვარებით ვამბობთ, ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, ჩვენი უცხოელი მეგობრები ამასთან დაკავშირებით პირდაპირ გვესაუბრებიან. ალბათ, ქალბატონი სამნიძეც დაადასტურებს და დაასახელებს, ვინ არიან ეს ადამიანები", - ამბობს ის.
მანამდე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ. სამნიძის თქმით, ბრიუსელში გაუგებარია, რატომ არ ისმის ოპოზიციური ფლანგიდან ერთიანი გზავნილები.
ჩემი საქმე არ არის სახელის და გვარების დასახელება, არც ესაა სწორი, რომ პარტნიორებმა დაასახელონ სახელები და გვარები. შეხვედრები ხდება დახურულ კარს მიღმა და ყველა იცავს პირობას, რომ კონკრეტიკა არ გასაჯაროვდეს. ამიტომ, მე მოვუწოდებ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, შეწყვიტონ ასეთი ტიპის გზავნილები და საუბრები საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველანი ვიყოთ ერთიანი ერთ მთავარ გზავნილში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით, მაგრამ ახლავე, არავითარი გადავადება", - განაცხადა სამნიძემ.