ქარტია: პაპუაშვილმა მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინმედიის მიმართ

ქარტია: პაპუაშვილმა მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინმედიის მიმართ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის გამოცემა პუბლიკის მიმართ განხორციელებულ მუქარას გამოეხმაურა და მას დამოუკიდებელი მედიის მიმართ სიძულვილის გაღვივების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მათი შეფასებით, ოცნება აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინმედიების დევნას, ხოლო მასთან დაკავშირებული ძალაუფლების მქონე პირები – დამოუკიდებელი ონლაინმედიების მიმათ სიძულვილის გაღვივებას.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეპრესიული პოლიტიკა 1 თებერვალს ახალ საფეხურზე გადავიდა, როცა შალვა პაპუაშვილმა მედიის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიპულაციურად დააკავშირა 31 იანვარს სახელდახელოდ მიღებულ შეკრების უფლების შემზღუდავ შესწორებასთან და სისხლის სამართლის პასუხისგებაზე ალაპარაკდა.

ქარტია პაპუაშვილს პრესის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

"ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ 1 თებერვალს ახალ საფეხურზე გადავიდა, როდესაც შალვა პაპუაშვილმა მედიის მიერ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიპულაციურად დააკავშირა 31 იანვარს სახელდახელოდ მიღებულ, შეკრების უფლების შემზღუდავ შესწორებასთან მთავრობის #361 დადგენილებაში და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგემლობაზე ალაპარაკდა.

ონლაინ გამოცემა „პუბლიკამ“ 1 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქციის შესახებ. შალვა პაპუაშვილი ამ ინფორმაციას 1 თებერვალსვე გამოეხმაურა პოსტით ფეისბუქის პირად გვერდზე, რომელშიც „პუბლიკა“ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის რეკლამირებაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს შეახსენებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და რომ მედიის პროფესიული მოვალეობაა, მიუკერძოებლად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენა. „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქცია სწორედ ამგვარ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება. მედიის პასუხისმგებლობის დაყენება მოვლენის გაშუქების გამო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეშ მცდელობას წარმოადგენს.

შალვა პაპუაშვილმა თავისი პოსტით მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიმართ. ამას ადასტურებს კომენტარები მისი პოსტის ქვეშ და ისიც, რომ თავად მედიასაშუალებამ შალვა პაპუაშვილის პოსტი თავდასხმად და მუქარად აღიქვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველო, და ხელი აიღოს დამოუკიდებელი მედიის დევნასა და შევიწროებაზე", - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ონლაინ გამოცემა პუბლიკა მუქარად მიიჩნევს პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის მმართველი პარტიიდან მედიის დაფინანსების წყაროსა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს განიხილავს.

"ონლაინგამოცემა პუბლიკა შალვა პაპუაშვილის განცხადებას მუქარად აფასებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს: „პუბლიკა“ ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „პუბლიკამ“ დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით.

პაპუაშვილის ამ განცხადებას პუბლიკის თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად",– ნათქვამია პუბლიკას განცხადებაში.