იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი თავის პარტნიორს ანდრეა ჯამბრუნოს დაშორდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ქალი კოლეგების მიმართ უხამსი კომენტარები გააკეთა.
"ჩემი ურთიერთობა ანდრეა ჯამბრუნოსთან, რომელიც თითქმის 10 წელი გრძელდებოდა, აქ სრულდება", - დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელებში. ორი დღის წინ გაჩნდა ჩანაწერები, რომლებშიც ტელეკომპანია Mediaset-ის თოკ-შოუს წამყვანი ანდრეა ჯამბრუნო ქალი კოლეგების მიმართ უცენზურო და უხამს კომენტარებს აკეთებს.
"მადლობას ვუხდი მას იმ შესანიშნავი წლებისთვის, რაც ერთად გავატარეთ, იმ სირთულეებისთვის, რაც გამოვიარეთ და იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მაჩუქა - ჩვენი ქალიშვილი ჯინევრა", - წერს მელონი.
"ჩვენი გზები გარკვეულ დროს გაიყო და დროა ვაღიაროთ ეს."
The Guardian წერს, რომ პირველ ჩანაწერში, რომელიც ეთერის გარეთ არის გაკეთებული და Mediaset-ის სხვა გადაცემაში გავრცელდა, ჯამბრუნომ თავის კოლეგას მიმართა: "აქამდე რატომ არ შევხვდით ერთმანეთს?". მეორე ჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნება ქალ-კოლეგას, რომ გადაცემაში კიდევ ერთი მონაწილე სჭირდებათ: "მოდით, ჯგუფური სექსი მოვაწყოთ სამში, ოთხშიც".
სექტემბერში მელონიმ დაიცვა ჯამბრუნო მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ უმჯობესია ქალები "არ დათვრნენ", თუ არ სურთ, გაუპატიურებას თავი აარიდონ. მაშინ მელონიმ განაცხადა, რომ ჯამბრუნოს სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული.