
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პოლიციელ როლანდ მესხის მხრიდან ქალზე ძალადობაზე ამბობს, რომ "ქალბატონი დაკავების პროცესს ხელს უშლიდა". მესხი გუშინ, 24 აპრილს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
პაპუაშვილი ჟურნალისტებთან ამ შემთხვევას ასე აღწერს:
"ეს იყო დაკავების პროცესი, რომელსაც, მე როგორც იმ კადრებში ვხედავდი, ხელს უშლიდა ადამიანი, ასე რომ... როდესაც დაკავება ხდება და წინააღმდეგობას უწევს ადამიანი, ამ შეთხვევაში ხდებოდა ერთ-ერთი მამაკაცის დაკავება, თუ სწორად აღვიდგინე კადრები, და ეს ქალბატონი ხელს უშლიდა დაკავების პროცესს და პოლიციისთვის დაკავების პროცესში ხელის შეშლა, სხვათა შორის, ასევე დანაშაულია და როგორც ვხვდები, მის წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია პოლიციას არ წაუყენებია", - თქვა მან.
გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი გუშინ, 24 აპრილს დაინიშნა. მესხი სწორედ ის პოლიციელია, რომელმაც 21 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფ ქალს თმა მოქაჩა.