ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი პრეზიდენტის წინააღმდეგ ქართული ოცნების მიერ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურაზე ამბობს, რომ მთავრობის ქმედებები რეალურად პრეზიდენტის აქტივობებისთვის "ბარიერების შექმნაა".
სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში მან თქვა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლი გულისხმობს არა მთავრობის თანხმობას პრეზიდენტის მოგზაურობებზე, არამედ მთავრობის მხარდაჭერასა და პრეზიდენტის დაფინანსებას.
"საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლი აცხადებს, რომ საქართველოს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი საგარეო სფეროში. მთავრობის აქტივობები რეალურად ბარიერების შექმნაა პრეზიდენტისთვის, რომ მან განახორციელოს თავისი უფლებამოსილება.
52-ე მუხლი გვეუბნება, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ნებართვით ახორციელებს უფლებამოსილებას საგარეო სფეროში - ეს არ გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტს მთავრობამ უნდა მისცეს ან არ უნდა მისცეს უფლება, რომ იმოგზაუროს. ეს ნიშნავს თანხმობას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების თვალსაზრისით მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს და დააფინანსოს პრეზიდენტი. ეს იგულისხმება მთავრობის თანხმობაში"- თქვა კუბილიუსმა.
ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ამ ქმედებებით კონსტიტუციას არღვევს.
"მაგალითი არ მოიძებნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, სადაც მთავრობას შეიძლება გააჩნდეს კონსტიტუციური უფლება, შეზღუდოს პრეზიდენტის აქტივობები, განსაკუთრებით საგარეო სფეროში. ეს არ არის რაციონალური აღქმა საქართველოს კონსტიტუციის. საქართველოს მთავრობის პოზიცია, უარი უთხრას პრეზიდენტს მოგზაურობასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებაზე, აქტივობები, რომ მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ეს გახლავთ ნათლად იმის მტკიცებულება, რომ საქართველოს მთავრობა არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მათი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის გაგებას ეწინააღმდეგება"- თქვა კუბილიუსმა.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.