ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცრუობს და ამბობს, რომ "IRI-ის კვლევითაც, ქართველი ხალხის უმეტესობა ემხრობოდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას".
აღსანიშნავია, რომ IRI-ის კვლევის თანახმად, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა, გამოკითხული მოსახლეობის 79% არ უჭერს მხარს, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში თავისუფლად უვიზოდ შემოსვლას, ბიზნესის რეგისტრირებასა და ქონების შეძენას.
კობახიძის თქმით, ვიღაცები, მათ შორის პრეზიდენტი ამბობენ, რომ ქართველი ხალხი შეშფოთებულია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით, რაც მისი მტკიცებით, სპეკულაციაა.
"მე გეტყვით ერთ რამეს. დღეს ვიღაცები საუბრობდნენ ქართველი ხალხის სახელით, თითქოს ქართველი ხალხი არის შეშფოთებული, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა ამასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, IRI-ის გაყალბებული მონაცემებითაც კი, უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას. ამ გაყალბებული კვლევითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ასეთ დროს, ქართველი ხალხის სახელით საუბარი არის სპეკულაცია, ამიტომ, ქართველი ხალხის სახელით ნურავინ ისაუბრებს. წარმოიდგინეთ, გაყალბებული იყო კვლევა და იქაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობა ფრენების აღდგენას", - თქვა კობახიძემ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება.
რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.