ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც დაუწესა სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 მოსამართლეს სანქციები.
კობახიძის მტკიცებით, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი "არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, წარმოუდგინოს მტკიცებულებები, რაც, კატეგორიულად მიუღებელია".
"ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, წარმოუდგინოს მას მტკიცებულებები, რომ ეს დაკავშირებულია 4 მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც ჩვენთვის, ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე, ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე არის დუმილი ამასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.
ქართულ ოცნებას დღეს კითხვით აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიმართა, თუ რატომ არ დაინტერესდა მმართველი გუნდი ამ დრომდე გამოეძიებინა ბრალდებები, რომლებიც არსებობს მოსამართლეების მიმართ და რომელთა საფუძველიც, ძირითადად, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა.
დეგნანის თქმით, ქართულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია ამაზე გამოძიების დაწყება, თუმცა მისივე განცხადებით, თუ ეს გამოძიება იქნება ობიექტური, ის მივა იმავე შედეგამდე, რა შედეგამდეც მივიდნენ აშშ-ის საელჩოში და სახელმწიფო დეპარტამენტში, რასაც მოჰყვა 4 მოსამართლის სანქცირება.
"რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე?" - დეგნანის კითხვა ოცნებას მოსამართლეთა სანქცირებაზე
***
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.