"რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე" - დეგნანის კითხვა ოცნებას მოსამართლეთა სანქცირებაზე

"რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე" - დეგნანის კითხვა ოცნებას მოსამართლეთა სანქცირებაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქართულ ოცნებას კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ დაინტერესდა მმართველი გუნდი ამ დრომდე გამოეძიებინა ბრალდებები, რომლებიც არსებობს მოსამართლეების მიმართ და რომელთა საფუძველიც, ძირითადად, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა.

დეგნანის თქმით, ქართულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია ამაზე გამოძიების დაწყება, თუმცა მისივე განცხადებით, თუ ეს გამოძიება იქნება ობიექტური, ის მივა იმავე შედეგამდე, რა შედეგამდეც მივიდნენ აშშ-ის საელჩოში და სახელმწიფო დეპარტამენტში, რასაც მოჰყვა 4 მოსამართლის სანქცირება.

"ჩვენ ბოლომდე ვართ დარწმუნებული ამ ინფორმაციაში, რომ ეს 4 პირი ჩართული იყო მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებში, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს საქართველოს მართლმსაჯულებას და დაბლოკეს საქართველოში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნა.

თუ საქართველოს ხელისუფლებას ამ ბრალდებებზე საკუთარი გამოძიება სურს, საკუთარი მეთოდებით, პარლამენტიდან თუ პროკურატურიდან, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება ამავე დასკვნამდე მივა.

არ აქვს მნიშვნელობა, ქართულ ენაში რომელ სიტყვას გამოვიყენებთ – აშშ-ის კანონმდებლობით შედეგი ერთია: ამ ოთხ პირს არ აქვს უფლება, აშშ-ში შევიდნენ კორუფციულ აქტებში მონაწილეობის გამო. ამ პროცესს მოითხოვს აშშ-ის კანონმდებლობა.

რას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, ამას ადგენს საქართველოს ხელისუფლება. პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი ამ ბრალდებების, კორუფციის გამოსაძიებლად. ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საჯაროდ, ბრალდებების საფუძველი უკვე წლებია ფართოდაა ცნობილი.

ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ათწლეულებია ამაზე მუშაობთ – ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნაზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. ესაა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა: საქართველომ აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისადმი ერთგულება. ამას იმსახურებთ.

იმედი მაქვს, ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, გამოიყენებს ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს, პარლამენტს თუ სხვა ინსტიტუტებს, კორუფციის ბრალდებებს გამოიძიებს და გადადგამს შემდეგ ნაბიჯს იმის საჩვენებლად, რომ საქართველო მართლაც ერთგულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით", - თქვა დეგნანმა ბათუმელებთან ინტერვიუში.

დეგნანის თქმით, გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ.

ის ოცნების მიერ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩაგდებას გამოეხმაურა. ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა გამოიყენონ საპარლამენტო ინტსტრუმენტები, როგორიც მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

"გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ. ისინი აირჩიეს არა პარლამენტის გარეთ ყოფნისთვის, არამედ მუშაობისთვის, ხალხის ინტერესების წარმოდგენისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება რთული სამუშაო, არ იქნება უთანხმოებები და კამათი, ეს ყველა პარლამენტში ასეა.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა გამოიყენონ პარლამენტი და საპარლამენტო ინსტრუმენტები, როგორიცაა საგამოძიებო კომისია, რათა შეასრულონ თავიანთი სამუშაო, ხალხის სახელით პასუხი მოსთხოვონ ჩინოვნიკებს, გამჭვირვალედ აჩვენონ ქართველ ხალხს, რა ხდება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის მართლმსაჯულებაში. ეს არ არის დახურული ინსტიტუტები, ჯანსაღი დემოკრატია გამჭვირვალე და ღიაა. ამას იმსახურებს ქართველი ხალხი", - თქვა დეგნანმა.

***

ქართულმა ოცნებამ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩააგდო. კომისიის შექმნას ოპოზიცია ითხოვს, თუმცა ოცნება ამ ინიციატივას არ იზიარებს.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რეგისტრაცია სამჯერ არ გაიარა, რის გამოც კენჭისყრა ვერ შედგა.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 და 20 აპრილსაც მიმართეს.

მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერ შეძლოს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივას "მოსამართლეების სოლიდარობის" ნიშნად არ იზიარებენ.

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.