"უფ, არაუშავს, რა ვქნათ ახლა", - ამბობს აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე მთავარ არხთან საუბრის დროს და აცხადებს, რომ ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".
"ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. რა ვიცი ეხლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ ახლა, ხომ? რა გავაკეთო. ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ნამდვილად არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა.
ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ზოგადად ადამიანურად და გადაუტანია", - აცხადებს მურუსიძე.
დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა:
"[პერსონალურ სანქციებზე] ზოგადად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ - თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად?
ერთი ასეთი ლექსია:
"არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა,
ცხოვრებამ ოხერ-ტიალმა ბევრჯერაც მიმტრო, მიშარა,
თვალამღვრეული დავდივარ, მიშავ და არა მიშავ რაა", - ამბობდა მურუსიძე.