
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კატარის პრემიერმინისტრ, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან თეთრი სახლიდან სატელეფონო საუბარი გამართა.
საუბრის ჩანაწერის მიხედვით, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს „არ აქვს გეგმა“, რომ მის ქვეყანაზე კვლავ მიიტანოს იერიში.
"ბატონო პრემიერმინისტრო, მინდა იცოდეთ, რომ ისრაელი წუხს იმის გამო, რომ ჩვენი დარტყმის შედეგად თქვენი მოქალაქე დაიღუპა", - თქვა ნეთანიაჰუმ.
სატელეფონო ზარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ორგანიზებით შედგა, მაშინ, როდესაც ნეთანიაჰუ თეთრ სახლში იმყოფებოდა.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისრაელი ჰამასს უმიზნებდა და არა ყატარელებს", — დაამატა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ „ისრაელს მომავალში არ აქვს გეგმა, რომ თქვენი სუვერენიტეტი კვლავ დაარღვიოს და მე ეს ვალდებულება პრეზიდენტის წინაშე ავიღე“.
"ვიცი თქვენს ხელმძღვანელობას პრეტენზიები აქვს ისრაელის მიმართ, ისრაელს კი – ყატარის მიმართ, ძმები მუსლიმების მხარდაჭერიდან დაწყებული, დამთავრებული იმით, თუ როგორ არის ისრაელი წარმოდგენილი „ალ ჯაზირაზე", - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელმა კატარის დედაქალაქ დოჰაზე იერიში 2025 წლის 9 სექტემბერს მიიტანა.
დარტყმა ჰამასის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე იყო მიმართული, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად იყვნენ შეკრებილი.
არსებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ყატარის უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი, თუმცა ჰამასის უფროსი ლიდერები, რომლებიც თავდასხმის მთავარი სამიზნეები იყვნენ, გადარჩნენ.