დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს „ღაზის კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმა“ წარუდგინა

დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს „ღაზის კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმა“ წარუდგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე „ღაზას კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმა“ გამოაქვეყნა.

ამ წინადადების მიზანია თითქმის ორწლიანი ომის დასრულება, რამაც ისრაელი მზარდი საერთაშორისო იზოლაციის წინაშე დააყენა.

ტრამპის აღნიშნული გეგმა ჯამში 21 პუნქტს მოიცავს:

  • გეგმის მიხედვით, ღაზა იქნება "დერადიკალიზებული", ტერორისტებისგან თავისუფალი ზონა, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის თავის მეზობლებს.
  • თუ ორივე მხარე დათანხმდება ამ წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ისრაელის ძალები გაიყვანენ თავიანთ ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე, რათა მოემზადონ მძევლების გასათავისუფლებლად. ამ პერიოდში ყველა სამხედრო ოპერაცია, საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის ჩათვლით, შეჩერდება და ბრძოლის ხაზები გაიყინება, სანამ სრული ეტაპობრივი გაყვანის პირობები არ შესრულდება.
  • „ღაზა აღდგება ღაზას ხალხის სასარგებლოდ, რომლებმაც უკვე საკმარისად იტანჯეს“.
  • ისრაელის მიერ ამ შეთანხმების საჯაროდ მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, ყველა მძევალი, ცოცხალი თუ გარდაცვლილი, უკან დაბრუნდება.
  • მას შემდეგ, რაც ყველა მძევალი გათავისუფლდება, ისრაელი გაათავისუფლებს სამუდამო პატიმრობამისჯილ 250 პატიმარს, ასევე ღაზის 1,700 მაცხოვრებელს, რომლებიც დაკავებული იყვნენ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის ყველა ქალსა და ბავშვს. ყოველი გარდაცვლილი ისრაელელი მძევლის ცხედრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი 15 გარდაცვლილი ღაზელის ცხედარს გაათავისუფლებს.
  • „მას შემდეგ, რაც ყველა მძევალი უკან დაბრუნდება, ჰამასის წევრებს, რომლებიც მშვიდობიან თანაცხოვრებასა და იარაღის დაყრაზე დათანხმდებიან, ამნისტია შეეხებათ. ჰამასის იმ წევრებს, რომელთაც ღაზას დატოვება სურთ, მიღებულ ქვეყნებში უსაფრთხო გადასასვლელით უზრუნველყოფენ“.
  • შეთანხმება მოუწოდებს სრული დახმარება გაეწიოს ღაზას „ორივე მხარის ჩარევის გარეშე, გაეროსა და მისი სააგენტოების, ასევე წითელი ნახევარმთვარის და სხვა ისეთი მხარეების მეშვეობით, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ჰამასთან ან ისრაელთან“.
  • ომის შემდეგ, ღაზას მართავს „აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი“, რომელიც „კვალიფიციური პალესტინელებისა და საერთაშორისო ექსპერტებისგან შედგება, ახალი საერთაშორისო გარდამავალი ორგანოს, „მშვიდობის საბჭოს“ ზედამხედველობით. ამ საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს, მათ შორის იქნება ყოფილი პრემიერმინისტრი, ტონი ბლერიც ხოლო მისი სხვა წევრებისა და სახელმწიფოს მეთაურების ვინაობა მოგვიანებით გამოცხადდება“.
  • შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ეს ორგანო ღაზას პალესტინის ხელისუფლების ქვეშ მართავს, რომელმაც რეფორმები დაასრულა და მზად არის ღაზას სექტორის მართვისთვის.
  • "არავინ იქნება იძულებული, დატოვოს ღაზა და მათ, ვისაც წასვლა სურს, ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლებათ, ასევე ექნებათ უკან დაბრუნების შესაძლებლობაც. ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს, დარჩნენ და ვთავაზობთ მათ უკეთესი ღაზას აშენების შესაძლებლობას", - წერს თეთრი სახლი.