კობახიძე: არაფერი განსაკუთრებული, ეს არის ჯილდო ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის

კობახიძე: არაფერი განსაკუთრებული, ეს არის ჯილდო ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის

ირაკლი კობახიძე ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავჯდომარის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვლის წინააღმდეგ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისგან დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა და ეს არის ჯილდო ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის.

კობახიძის განცხადებით, ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას მთელი 3 წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით აშანტაჟებნენ, თუმცა ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან.

"თქვენ იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას მთელი 3 წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით აშანტაჟებნენ. ახლა, ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან - რაღა ეშველება ოპოზიციას არ ვიცი.

სინამდვილეშია არაფერი შეცვლილა - დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა. ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთი რამის გამო, რომ ამ ადამიანმა არ დათმო ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ კარგად გახსოვთ რა ხდებოდა 2022 წელს - რას ითხოვდნენ ჩვენი გუნდისგან და კონკრეტულად, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილისგან. იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, ჯერ დე ფაქტო სანქციები აამოქმედეს და შემდეგ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი არსებითი დატვირთვა არ აქვს.

ეს არის ის, რასაც 3 წლის განმავლობაში გლობალური ომის პარტია აკეთებდა. რეალურად, არაფერი შეცვლილა. ახლახან ვასაუბრე ბიძინა ივანიშვილს და მისი პოზიციაც არის იგივე. არაფერი განსაკუთრებული, ეს არის ჯილდო ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

***

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.

"მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართულმა ოცნებამ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი", - წერს სახაზინო დეპარტამენტი.

ამასთან, ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოლიგარქისა და ქართული ოცნების ქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევასა და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

14024 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, რომლის ქვეშაც ივანიშვილის სანქცირება მოექცევა, პირის ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში იყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა. შედეგად, ხდება პირის იზოლაცია არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ხშირად გლობალური ფინანსური სისტემებიდან, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები და კომპანიები ხშირად ემორჩილებიან სანქციებს მეორადი სანქციების თავიდან აცილების მიზნით.