ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
"მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)
ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართულმა ოცნებამ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი", - წერს სახაზინო დეპარტამენტი.
ამასთან, ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოლიგარქისა და ქართული ოცნების ქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევასა და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
"შეერთებული შტატები სანქიებს უწესებს საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და ქართული ოცნების ქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში.
გარდა ამისა, შეაფერხა საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი - მომავალი, რომელიც ქართველ ხალხს უსაზღვროდ სურს. შედეგად, საქართველო დაუცველი გახდა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას.
ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ქართული ოცნების ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე მიმდინარე ძალადობრივი რეპრესიების ჩათვლით.
14024-ე აღმასრულებელი განკარგულება სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში", - ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.
ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის საზიანო ქმედებების საპასუხოდ.
14024 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, რომლის ქვეშაც ივანიშვილის სანქცირება მოექცევა, პირის ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში იყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა. შედეგად, ხდება პირის იზოლაცია არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ხშირად გლობალური ფინანსური სისტემებიდან, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები და კომპანიები ხშირად ემორჩილებიან სანქციებს მეორადი სანქციების თავიდან აცილების მიზნით.
აკრძალვები ეხება ტრანზაქციებს დაკავშირებულს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდთან და რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან. ამასთან, აკრძალვა ეხება ნებისმიერ ტრანზაქციას, რაც დაკავშირებულია სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმესთან კრედიტ სუისი ბიძინა ივანიშვილის და სხვების წინააღმდეგ და სხვა დაკავშირებულ სამართალწარმოებასთან.
აკრძალვა ეხება ნებისმიერი გადაწყვეტილების, ბრძანების, გადაწყვეტილების ან მორიგების შეთანხმების აღსრულებას, რომელიც წარმოიქმნება ასეთი სამართალწარმოებიდან. ასევე, ეხება ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების, ჯილდოს ან შეთანხმების აღსრულებას, რომლებიც აღნიშნული პროცესებიდან წარმოიშვა.