
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს აკვირდებოდა, განაჩენს აკრიტიკებს.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში TrialWatch-ის სამართლებრივი პროგრამის უფროსმა მენეჯერმა კეიტ ლევინმა თქვა, რომ მზია ამაღლობელის 2-წლიანი პატიმრობა "არაპროპორციულია".
"ცნობილ ჟურნალისტზე ეს არაპროპორციული სამართლებრივი თავდასხმა ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ფუნდამენტურ სამოქალაქო თავისუფლებებს საფრთხის ქვეშ აყენებს“, - თქვა მან.
რადიო თავისუფლება აქვეყნებს კლუნების ფონდის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც: "მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს ათავსებს იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც სისხლისსამართლებრივ კანონმდებლობას ჟურნალისტების გასაჩუმებლად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით იყენებენ, განსაკუთრებით პოლიტიკური არასტაბილურობის დროს, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე წვდომა სჭირდებათ".
ორგანიზაციის ვრცელი სამართლებრივი დასკვნა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.