კარპენტერი: საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

კარპენტერი: საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი მაიკ კარპენტერი აცხადებს, რომ საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა "გადახედვის პროცესშია".

კარპენტერმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ "საქართველოსთან თანამშრომლობის დიდი ნაწილი განხილვის პროცესშია, მათ შორის ღირსეული პარტნიორის წვრთნები და სხვა ჩართულობები", რაც აშშ-ს საქართველოს მთავრობასთან აქვს.

კარპენტერი მიუთითებს იმასაც, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით საქართველო არასწორი მიმართულებით წავიდა.

"ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ საქართველოს მხარდასაჭერად მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში.

ასე, რომ გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ სხვა მიმართულებით მოძრაობას.

გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს საქართველოში, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებიც NATO-ს ალიანსს ემყარება. არ ვფიქრობთ, რომ ის თავსებადია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან.

ასე, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობის მხრიდან ვიხილავთ მიმართულების, სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან გადახედვის პროცესშია"- განაცხადა კარპენტერმა.

5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო სწავლება "განუსაზღვრელი ვადით" გადაიდო.