კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი ამბობს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ჩართული.
ეს განცხადება მან ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს დღეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
კანადის საგარეო მინისტრის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით მეტი დეტალი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
"კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. და ამიტომ, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს კონკრეტულად იმ ადამიანებს, ბიზნესებსა თუ სუბიექტებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასევე კორუფციაში, ეს დაფუძნებული იქნება ასევე ჩვენს სასანქციო რეჟიმზე. ამის შესახებ ჩემგან მეტს მომდევნო დღეებში გაიგებთ", - თქვა მან.