კალანდარიშვილის თქმით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში დუბლირების საკითხი უსაფუძვლოა

კალანდარიშვილის თქმით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში დუბლირების საკითხი უსაფუძვლოა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში დუბლირების საკითხი უსაფუძვლოა. საარჩევნო კომისიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კალანდარიშვილმა თქვა, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებს.

"ეს ბრალდება იმთავითვე უსაფუძვლოა რამდენიმე ფაქტორის გამო. პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა სიები და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს აქვთ სიების საჯარო ვერსიის ადმინისტრაციიდან გამოთხოვის და შემოწმების შესაძლებლობა და გამოითხოვენ კიდეც და სხვა არა ერთი მტკიცებულება. დღეს ხსენებულმა ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული კითხვები, არის უსაფუძვლო და დაადასტურა, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს", - თქვა კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარე გულისხმობს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ pro v&v-ს, რომელმაც რევიზია ჩაატარა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.

ამავე დროს, Edison Research-ის ეგზიტპოლით ქართულ ოცნება 40,9% ჰქონდა, ხოლო პროევროპულ ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამურად - 51,9%.

ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ იზიარებენ და მასობრივ გაყალბებაზე მიუთითებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის შეფასებით, დანაშაულებრივმა ქმედებებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. მათივე განცხადებით, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად დაძაბული ვითარება იყო მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც დამკვირვებლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, დაფიქსირდა მარკირების პროცესის დარღვევა, საარჩევნო ყუთებში საარჩევნო კონვერტების ჩაყრა და სხვა დარღვევები.