კალაძის აზრით, პრემიერის ჩარტერზე საუბარი სხვა საკითხების "გადაფარვის მცდელობაა"

კალაძის აზრით, პრემიერის ჩარტერზე საუბარი სხვა საკითხების "გადაფარვის მცდელობაა"

თბილისის მერი, კახა კალაძეც იმეორებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერის შესახებ საუბარი "სხვა საკითხების გადაფარვის მცდელობაა". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა და მაგალითად მოიყვანა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი.

"ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ - ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები, პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერმინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

რაც შეეხება ბიუჯეტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, იმიტომ, რომ გვაქვს ძალიან დიდი დანაშაული, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს არის უმძიმესი საკითხი ქვეყნის, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კანონს, არღვევს კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმეა. რეალურად, პოლიტიკური საკითხებით ხდება ასეთი საკითხების გადაფარვის მცდელობა", - თქვა კალაძემ.

დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემაც ჩარტერის საკითხზე საუბარი "გადაფარვის მცდელობად" შეაფასა და თქვა, რომ ოპოზიცია ცდილობს, "საკუთარ თანაგუნდელ ზურაბიშვილს" გადაეფაროს. მან ამას "სპეკულაცია" უწოდა და განაცხადა, რომ ხარჯებს პრემიერმინისტრი დეკლარაციაში ასახავს.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.