თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 7 სექტემბრიდან 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება. მისივე თქმით, დაინიშნება ახალი მარშრუტი, რომლითაც ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაუკავშირდება ვაკეს.
"ავტობუსები მგზავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მოემსახურებიან არსებული სქემით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ ორთაჭალის მიმართულებით, მეტროსადგურების - ისნისა და სამგორის გავლით დაუკავშირდება ჯავახეთის ქუჩას და მოემსახურება ვარკეთილის დასახლებას სუხიშვილის, თაყაიშვილის და კუპრაძის ქუჩების გავლით. აღნიშნული ცვლილებით, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საბურთალოს რაიონთან.
გარდა ამისა, N309 მარშრუტი, რომელიც ამჟამად მოძრაობს ვარკეთილის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, გაგრძელდება ვაკეში, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით და მოძრაობას დაამთავრებს კუს ტბის გადასახვევის მიმდებარედ. აღნიშნულ მარშრუტზე ჩართულია 13 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსები და დაემატება კიდევ 2 ერთეული. აღნიშნული ცვლილებით, ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაკავშირდება ვაკის რაიონთან და აღარ მოუწევთ ავტობუსების გამოცვლა", - თქვა კალაძემ.