აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს თეთრ სახლში არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უმასპინძლებს, რათა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა აჩვენოს. ივნისის დებატების შემდეგ ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება.
"მას სჯერა ნორმების, მას სჯერა ჩვენი ინსტიტუტის, მას ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა", - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟენ-პიერმა ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, ტრამპი მიეწვია.
"ესაა ნორმა. ესაა ის, რაც უნდა მოხდეს".
ბაიდენი და ტრამპი წლების განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდნენ ერთმანეთს და მათი გუნდებიც პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს იკავებენ. ბაიდენი ამბობდა, რომ ტრამპი საფრთხეა დემოკრატიისთვის, ხოლო ტრამპი ბაიდენს არაკომპეტენტურს უწოდებდა.
მოსალოდნელია, რომ ტრამპის ვიზიტი ვაშინგტონში მოიცავს მის შეხვედრებს რესპუბლიკელ კანონმდებლებთან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან.
ტრამპის გუნდს, რომელმაც მომავალი კაბინეტის ახალი წევრები უკვე დაასახელა, ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდა საოფისე ფართებსა და სახელმწიფო აღჭურვილობას, ასევე წვდომას სახელმწიფო ოფიციალურ პირებზე, ობიექტებსა და ინფორმაციაზე.
"ტრამპ-ვენსის იურისტები აგრძელებენ კონსტრუქციულ ურთიერთობას ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის იურისტებთან ყველა შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლების გარდამავლობის აქტით არის გათვალისწინებული", - განაცხადა ბრაიან ვენსმა, ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა.