ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავენ.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრებზე ონკოპაციენტებისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
ამასთან, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება, რაც ადრეული კვლევების დაფინანსებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.
გუშინ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. მათ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე კანცელარიაში წერილი დატოვეს.
ასობით ონკოპაციენტი მკურნალობის სრულად დაფინანსებას ითხოვს.
მთავრობის მოქმედი პროგრამა გულისხმობს წლიურად მხოლოდ 25 000-იან ლიმიტს, რაც ხშირ შემთხვევაში, გადასხმისთვის და სხვა საჭირო პროცედურებისთვისაც არ არის საკმარისი.
მთავარი მოთხოვნა დაწესებული ლიმიტის მოხსნა და ონკოპაციენტების ინდივიდუალურად დაფინანსებაა მათი საჭიროების მიხედვით.
აქციაზე შეკრებილების თქმით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სამედიცინო მომსახურება თითოეული პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, თუმცა მათი თქმით, დაპირება დაპირებად დარჩა.