
იტალიელი სენატორი, ფილიპპო სენსი სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელისთვის 2 წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ "ქართული ოცნების" მთავრობის მიმართ იტალიის პოზიციის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს.
მისი თქმით, საგანგაშოა ფაქტი, რომ იტალიაში "იკვეთება ქართული რეჟიმის მიმართ რბილი და ერთგვარად მიმტევებელი დამოკიდებულება."
სენსი ასევე ამბობს, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლების მიერ ქართველ კოლეგებთან გამართული შეხვედრების ნაცვლად, უნდა გაპროტესტდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები.
მისივე თქმით, იტალიის მთავრობა არ უნდა წავიდეს კომპრომისზე იმ რეჟიმთან, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
"საგანგაშოა ის, რომ ევროპაში, აქა-იქ — ხოლო იტალიაში განსაკუთრებით თვალსაჩინოდ — იკვეთება ქართული რეჟიმის მიმართ რბილი და ერთგვარად მიმტევებელი დამოკიდებულება.
მცირე ხნის წინ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა ქართველ კოლეგას; ასევე, შეხვედრები გაიმართა იტალიის პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან.
ეს ხდება იმ დროს, როდესაც იტალიის მთავრობამ მკვეთრად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გააპროტესტოს საქართველოში მიმდინარე მოვლენები.
სხვა მიდგომა, ჩემი აზრით, არც საქართველოს წაადგება და არც იტალიის მთავრობას წარმოაჩენს, როგორც ძლიერს.
ძლიერი მთავრობა ის არის, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ პოზიციას და არ მიდის კომპრომისზე რეჟიმთან, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ამიტომ, მე მტკიცედ მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქმედ რეჟიმს უნდა მოექცნენ უდიდესი სიმკაცრით და ლიბერალურ-დემოკრატიული სტანდარტების მაქსიმალური მოთხოვნით", - განაცხადა იტალიელმა სენატორმა.