
იტალიელმა პარლამენტარმა, ანდრეა კაზუმ სიტყვის გამოსვლისას სინდისის პატიმარ, მზია ამაღლობელისთვის მისჯილ 2-წლიან პატიმრობაზე ისაუბრა.
იგი ჟურნალისტს დემოკრატიული წინააღმდეგობის სიმბოლოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია საქართველოს ხელისუფლების მიერ ზეწოლისა იმ ადამიანებზე, რომლებიც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.
მისი თქმით, ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი დაშინებასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად.
"დღეს, საქართველოში ორ წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მზია ამაღლობელს — ქართველ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც დემოკრატიული წინააღმდეგობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
ეს განაჩენი წარმოადგენს კიდევ ერთ პოლიტიკურ რეპრესიას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად იბრძვიან ფუნდამენტური ფასეულობებისთვის — გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებლობისთვის.
ეს არის განაჩენი, რომელიც მიზნად ისახავს დაშინებას, განსხვავებული აზრის ჩახშობას და იმ ახალგაზრდა თაობის გაჩუმებას, რომელსაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის.
იმ დროს, როცა ქართველი ხალხი ქუჩაში დემონსტრაციებით გამოხატავს საკუთარ პროტესტს, ქვეყნის ხელისუფლება პასუხობს მას დაკავებებით, რეპრესიებითა და გამაფრთხილებელი ხასიათის სასამართლო განაჩენით.
ჩვენ არ შეგვიძლია მდუმარედ ყოფნა. ჩვენ, როგორც იტალიის პარლამენტის წარმომადგენლებს, როგორც დემოკრატიის წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება, ავიმაღლოთ ხმა, მოვითხოვოთ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა და ასევე მოვთხოვოთ იტალიის მთავრობას შეცვალოს კურსი და ნათლად განვაცხადოთ, რომ იტალიის რესპუბლიკა ყოველთვის გმობს მათ, ვინც თრგუნავს განსხვავებულ აზრს და აკნინებს დემოკრატიულ პრინციპებს. ჩვენ არასდროს არ უნდა მივატოვოთ ისინი, საქართველოში თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, ვინც იბრძვის ჩვენი კონსტიტუციური და ევროპული ღირებულებების დასაცავად", - განაცხადა კაზუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.