ისრაელის მთავრობის ცნობით, ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, 161 მძევალი რჩება. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა ეილონ ლევიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათგან, 146 ისრაელის მოქალაქეა, ხოლო 15 უცხოელი. მისივე თქმით, მძევლებს შორის, სავარაუდოდ, 126 კაცია და 35 ქალი.
მისი ინფორმაციით, ჰამასს ამ დრომდე ტყვედ 4 ბავშვი ჰყავს აყვანილი, 10 ადამიანი კი 75 წელს გადაცილებულია. ლევის განცხადებით, უცნობია, რამდენია მძევლებს შორის სამხედრო.
"ჩვენ გვინდა, რომ ყველა მძევალი სახლებში დავაბრუნოთ, ამ პირობის ერთგული ვართ - არავინ დარჩება", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სანამ სერიოზული შეთანხმება არსებობს, ისრაელი მზადაა, მეტი ადამიანის გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტა გაახანგრძლივოს.
კატარის საგარეო უწყება 27 ნოემბერს აცხადებდა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე შეთანხმება ორი დღით გახანგრძლივდა. თავდაპირველი შეთანხმება 4 დღეს მოიცავდა და ქალების, ბავშვების გათავისუფლებას, ასევე, დროებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა - ის კატარის შუამავლობით შედგა.
გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) დაადასტურეს, რომ ჰამასმა წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად 12 მძევალი გადასცა. მათივე ცნობით, მძევლებს შორის 10 ისრაელის, ხოლო 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.