ისრაელი ჰეზბოლას ლიდერის სიკვდილს ადასტურებს

ისრაელი ჰეზბოლას ლიდერის სიკვდილს ადასტურებს

ისრაელის არმია ლიბანში ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას სიკვდილს ადასტურებს.

პარასკევს ისრაელმა სარაკეტო იერიში განახორციელა ბეირუთში ჰეზბოლას ცენტრალურ შტაბზე, რა დროსაც მოკვდა ნასრალა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ჰანას ნასრალი ჰეზბოლას სხვა მეთაურებთან ერთად მოკვდა.

"ჰასან ნასრალა, ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლიკვიდირებული იქნა IDF-ის მიერ, ჰეზბოლას სამხრეთ ფრონტის მეთაურთან, ალი ქარკისთან და ჰეზბოლას დამატებით მეთაურებთან ერთად", - აღნიშნულია თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ჰეზბოლა ჰამასის მხარდამჭერია, რომელთანაც ისრაელი ბოლო ერთი წელია აქტიურ საომარ მდგომარეობაშია. გასულ კვირამდე ისრაელის მიერ ლიბანის დედაქალაქში სარაკეტო დარტყმების განხორციელება ძალზედ იშვიათი იყო. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ისრაელი უწყვეტად ბომბავს, როგორც აცხადებს, ჰეზბოლას სამიზნეებს.

IDF-ში ამბობენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა "მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ცენტრალურ შტაბზე, რომელიც მდებარეობდა მიწისქვეშ, საცხოვრებელი სახლის ქვემოთ ბეირუთში, დაჰიეს რაიონში".