ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაფართოებისთვის ემზადებიან - კერძოდ, IDF-ის ცნობით, ეს შეეხება ცენტრალურ ნაწილში არსებულ ტერიტორიას, სადაც მეტწილად ლტოლვილები არიან დასახლებული.
ამ განცხადებამდე საერთაშორისო მედიებში გავრცელდა ინფორმაცია ღაზის სექტორში არსებული რამდენიმე ლტოლვითა ბანაკის დაბომბვის შესახებ. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ თეთრ სახლში აშშ-ის ოფიციალური პირებისა და ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ისრაელის ოფიციალური პირი CNN-ს ეუბნება, განსხვავებების მიუხედავად, ამ ომში ორივე ქვეყანა ერთ მხარეს არის და მათ ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების განადგურება უნდა.
დღეს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ისრაელის არმია ჰამასის პოზიციებზე შეტევას გააძლიერებს. მანამდე, ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალების პოზიციები მოინახულა და მათ მეთაურებს ესაუბრა.