ისლანდიაში ათობით ათასი ქალი, მათ შორის პრემიერმინისტრი, გაიფიცებიან. "კვენაფრი", ან ქალების დასვენების დღე გენდერულ სახელფასო სხვაობასა და გენდერული ძალადობის პროტესტის ნიშნად გამოცხადდა.
გაფიცვა განსაკუთრებით დააზარალებს იმ სფეროებს, სადაც ქალები დასაქმებულების უმრავლესობას წარმოადგენენ - ჯანდაცვასა და განათლებას.
დაგეგმილი აქტივობა 1975 წლის შემდეგ ქალთა პირველი სრულდღიანი გაფიცვა იქნება.
ქალებსა და არაბინარულ ადამიანებს მოუწოდეს, სამშაბათს უარი თქვან ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სამუშაო დღეზე, მათ შორის საყოფაცხოვრებო სამუშაოებზე.
"მე არ ვიმუშავებ ამ დღეს, ასევე ველით, რომ ყველა ქალი [მინისტრთა კაბინეტში] ასევე მოიქცევა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა კატრინ იაკობსდოუტირმა.
იაკობდსდოუტირის თქმით, მთავრობა იკვლევს, თუ როგორ ფასდება ქალების მიერ დომინირებული სფეროები იმ სფეროებთან შედარებით, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ.
ისლანდიის მასწავლებელთა კავშირის ინფორმაციით, განათლების სისტემის ყველა დონეზე პედაგოგების უმრავლესობა ქალები არიან, მათ შორის საბავშვო ბაღის მასწავლებლების 94%-ს შეადგენენ. ისლანდიის ეროვნული საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დასაქმებულების დაახლოებით 80% ქალია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მიერ ზედიზედ 14 წელია ისლანდია გენდერული თანასწორობის კუთხით მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნად სახელდება. ისლანდია მსოფლიოში მე-14 ადგილს იკავებს ეკონომიკური თანამონაწილეობის რეიტინგში, და ისეთი ქვეყნების ქვემოთაა, როგორიცაა ლიბერია, იამაიკა და ნორვეგია.
1975 წელს დასაქმებული ქალების დაახლოებით 90% გაიფიცა, რათა ხაზი გაესვათ ეკონომიკაში ქალების როლის მნიშვნელობაზე. გაფიცვამ ქვეყნის პარლამენტს უბიძგა, მომდევნო წელს თანაბარი ანაზღაურების კანონი მიეღო.