
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის მიერ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ "ომის წამქეზებელი" თეთრი სახლი "სრულად იქნება პასუხისმგებელი" მისი ქმედებების შედეგებზე.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა უმკაცრესად გმობს ამერიკის შეერთებული შტატების სასტიკ სამხედრო აგრესიას ირანის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღმაშფოთებელი, მძიმე და უპრეცედენტო დარღვევა", - თქვა მან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ვაშინგტონის ომის წამქეზებელი და უკანონო ადმინისტრაცია სრულად არის პასუხისმგებელი თავისი აგრესიის აქტის სახიფათო შედეგებსა და შორსმიმავალ გავლენაზე".
"ასეთი აშკარა აგრესიის წინაშე დუმილი მსოფლიოს უპრეცედენტო საფრთხისა და ქაოსის ზღვარზე ჩააგდებს", - დასძინა მან.
მისი თქმით, ირანი აგრძელებს თავის დაცვას ყველა საჭირო საშუალებით არა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო აგრესიისგან, არამედ "ისრაელის რეჟიმის უგუნური და უკანონო ქმედებებისგანაც".
ამასთან, მინისტრის თქმით, არ იცის, რამდენად დარჩა დიპლომატიისთვის ადგილი მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა.
"მათ ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთეს ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ლეგიტიმური თავდაცვის უფლების საფუძველზე", - თქვა მან.
თავის მხრივ, თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ "აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ საპასუხო შეტევაზე ირანი მიიღებს ბევრად უფრო ძლიერ პასუხს, ვიდრე ის, რაც ამაღამ ვიხილეთ".
***
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე. თავდასხმა, რომლის შესახებაც თავად დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტელემიმართვაში და სოციალურ ქსელში, განხორციელდა ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვულ სადგურებზე.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას. შეტევაში გამოიყენეს B-2 ტიპის სტელს-ბომბდამშენები და 30-ტონიანი „ბანკერ-ბასტერები“ – GBU-57 ტიპის ბომბები, რომლებიც განკუთვნილია მიწისქვეშა ობიექტების დასაზიანებლად.