იოსელიანი: ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს

იოსელიანი: ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებული მოქალაქეები იზოლატორში მოინახულა და ამის შემდეგ განაცხადა, რომ "ეს არის სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს". მან ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

"13-ზე მეტი ადამიანი არის ამ წუთში იზოლატორში. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ორის გარდა, უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანებმა თქვეს, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ სპეცრაზმელები, რომლებიც დაკავების მომენტში, გადაჰყავდათ მანქანაში.

ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.

პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არ გადაამეტონ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა", - თქვა იოსელიანმა მედიასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 29-30 ნოემბრის აქციის დარბევისას 107 ადამიანი დააკავეს.

მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია და ე.წ. რობოკოპები მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. გამთენიისას სპეცრაზმმა აქცია ძალის გამოყენებით, სასტიკად დაშალა. სპეცრაზმმა ალყაში მოაქციეს მოქალაქეები. დაკავებების პარალელურად ვრცელდებოდა აქციის მონაწილეების ცემის ვიდეოები.